მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს შვეიცარიის ქალაქ ვევეში მევენახეთა ფესტივალი - Fête des Vignerons იწყება

5d30475f2090a
ელენე ჩომახიძე
18.07.19 16:00
1074
დღეს შვეიცარიის ქალაქ ვევეში მევენახეთა ფესტივალი - Fête des Vignerons იწყება.

ფესტივალის პარალელურად დღეს საღამოდან გაიხსნება ქართული კუთხეც, რომელსაც "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი თავის შვეიცარიელ მეგობრებთან ერთად უმასპინძლებს.

ფესტივალს BMG-ის მედია-ჯგუფი აშუქებს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ვევეში ქართული კუთხის ფუნქციონირების პირველი პრეცედენტი.

"დღეს ფესტივალის გახსნის დღეა, ხოლო ქართულ კუთხეში სამზადისი აქტიურ ფაზაშია, აქ დღეს ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და სურვილის შემთხვევაში, თავად დააცხონ ქართული პური, მიირთვან ქართული ნაციონალური კერძები როგორიცაა მწვადი, ხაჭაპური, ხინკალი და ა.შ. ადგილზე ამოიყვანენ ყველსაც.

გარდა გასტრონომიული სანახაობებისა ქართულ კუთხეში მოსული სტუმრებისთვის გაიჟღერებს ქართული პოლიფონიური მუსიკაც. დღევანდელ დღეს უკვე დარეგისტრირებულია 40-მდე სტუმარი, თუმცა მსურველი გაცილებით მეტია”, - აცხადებს ალადაშვილი.

მისივე განმარტებით, ყოველდღიურად დაახლოებით, 30 ადამიანს უმასპინძლებენ, რადგან ამ ეტაპზე მეტის მიღება ფიზიკურად არ შეუძლიათ.

ალადაშვილის თქმითვე, ქართული კუთხის პოპულარიზაციისთვის და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალურ ქსელში გაკეთდა გვერდი სახელწოდებით “გიორგის მეგობრები”, რომელშიც გაწევრიანების შემდეგაც სტუმრებს შეეძლებათ ქართული სამზარეულოს მასტერკლასში მონაწილეობის მიღება.

მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ქართული კუთხის სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ “რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის” წარმოებული რქაწითელი, ქისი და საფერავი; შედარებისთვის ადგილზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სახეობის შვეიცარიული ღვინოც.

ქართული კუთხე შვეიცარიის ქალაქ ვევეში 3 კვირის განმავლობაში, 12 აგვისტომდე იფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები