მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან დეპუტატების ხელფასი 2.5-ჯერ იზრდება - ანაზღაურება ეზრდებათ უმაღლესი თანამდებობის სხვა პირებს

პარლამენტი

"ქართული ოცნების" ინიცირებული და მიღებული კანონის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირებსა და დეპუტატებს დღეიდან, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო.

პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები იყო ფიქსირებული, კონკრეტული რიცხვებით წარმოდგენილი და საპარლამენტო თანამდებობების შესაბამისად, 8 250 – 10 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრებოდა.

კანონით, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა, მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდა და ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრა.

მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 14 600 ლარია - მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების კი 12 410 ლარი.

ხარჯების ზრდა უკვე გათვალისწინებულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში.

2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 43.9 მლნ-დან 53.9 მლნ-მდე იზრდება.

კოეფიციენტები, რომლითაც ხელფასი გამოითვლება, შემდეგია:

პარლამენტში 2025 წლიდან ხელფასები ასე განისაზღვრება:

  • პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 7 256 ლარით და განესაზღვრება 11 680 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 7 860 ლარით და გახდება 14 600 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 7 032 ლარით და გახდება 13 432 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 6 800 ლარით და გახდება 13 140 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 7 016 ლარით და გახდება 12 556 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი;

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯი 3.9 მლნ-დან 4.3 მლნ ლარამდე იზრდება. მთავრობის ადმინისტრაციაში, 10.6 მლნ-დან 13.3 მლნ-მდე

ბიუჯეტში გათვალისწინებული ზრდა მოიცავს, საჯარო მოხელეებისთვის ინდექსაციით (10%) გაზრდილ შრომის ანაზღაურებასაც.

"საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილებების ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე, გია ცაგარეიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები