დღეიდან საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით განხორციელდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მეტი ინტეგრირების მიზნით.
„ერთი ფანჯრის პრინციპის“ შედეგად, შეიქმნა ერთიანი სისტემა. მასში ჩაერთო ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის. სიახლის თანახმად, დღეიდან გემის აგენტები ერთიან სისტემაში შეძლებენ სათანადო დოკუმენტაციის ატვირთვას და აღარ მოუწევთ ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა. ამით გადამზიდავი დაზოგავს არა მხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც.
წინასწარი კვლევებით, ზემოაღნიშნული სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების დროს 1.5 საათამდე, ხოლო სხვა ტიპის გემებისთვის - 4 საათამდე შეამოკლებს, ნავსადგურში გემის მომსახურების პროცესის დაჩქარება კი, თავის მხრივ, საზღვაო გადამზიდ კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
„საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ ხელს შეუწყობს საჯარო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა საქმიანობის სინქრონიზაციას, უწყებათაშორის კოორდინაციას და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას.
საქართველოს ნავსადგურებში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის ეტაპი 2023 წლის მაისში დაიწყო და რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. სანავსადგურე პროცესების ციფრული ანალოგები ჩართული მხარეების მოთხოვნებისა და მოლოდინების გათვალისწინებით შეიქმნა.
სისტემის ეფექტური დანერგვისა და მუშაობისთვის ტრენინგი ჩაუტარდა 400-მდე მომხმარებელს.
ამ სისტემის დანერგვით დასრულდება ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციის პროცესი საქართველოს საზღვაო სფეროში. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, რომლებმაც „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაიოლების შესახებ“ კონვენციით დაკისრებული ვალდებულება შეასრულეს და ნავსადგურებში „ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ დანერგეს, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო ნაოსნობისთვის დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმოფხვრა, ეროვნული ბიუროკრატიული ფორმალობებისა და სხვა პროცედურების გამარტივება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან.
პროექტი განხორციელდა საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.