დღეიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კანონის მიღების მიზეზი ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხია.
„ჩვენ ყველას გვაწუხებს ჰაერის დაბინძურების საკითხი. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე წელია დავაწესეთ შეზღუდვა საწვავზე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ საკითხს მუდმივ მონიტორინგს უწევს გარემოს ეროვნულის სააგენტო.
მოგეხსენებათ, ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ეს დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტის შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, დღეიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ნაკლები ავტომობილი.
„მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს“, - თქვა ღარიბაშვილმა.