დღეიდან - 1-ელი იანვრიდან, დედაქალაქში, პიკის საათებში დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა სადისტრიბუციო ავტომობილებსაც შეეხებათ.
კონკრეტულად კი შეზღუდვა 8-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე იმოქმედებს. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის 2024 წლის ბოლო სხდომაზე აღნიშნა, დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.
08:00-11:00 საათების შუალედში რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.
შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.