13 ოქტომბრის მდგომარეობით, 263 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყურძნის მოსავალი 17 000-მდე მევენახემ დააბინავა
გადამუშავებული 263 049 ტონა ყურძნის 99,4%-მდე - 261 359 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა.
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 24 ლოკაციაზე იბარებს.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
























