მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღემდე, ბიძინა ივანიშვილის პრორუსობის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის - კობახიძე

კობახიძე ივანიშვილი
21.07.25 10:50
927

"ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა წლების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პრორუსობის შესახებ ფაქტები დღემდე "იოტისოდენადაც" ვერავინ წარმოადგინა.

ცნობისთვს: „დიპ სტეიტი“ „ქართული ოცნების“ კონსპირაციული თეორიაა, რომელსაც თავდაპირველად „გლობალურ ომის პარტიას“ უწოდებდნენ. მმართველი პარტიის წევრები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ებრძვიან „დიპ სტეიტს“, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა. კონსპირაციისთვის მეტი სანდოობის მისანიჭებლად, მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპიც ამავე „დიპ სტეიტს“ ებრძვის; მაგრამ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას - „ქართული ოცნებისთვის“? თუ დონალდ ტრამპი ე.წ. Deep State-ში გულისხმობს სამთავრობო ბიუროკრატიაში ჩართულ პირებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მის იდეებს და აფერხებენ მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, „დიპ სტეიტის“ მიღმა იგულისხმება გლობალური მაკონტროლებელი ორგანიზაცია ან ადამიანთა ჯგუფი კონკრეტული წყაროების გარეშე.

ირაკლი კობახიძის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიფ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს „დიფ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია.

სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიფ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში „ტიკტოკის“ მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი.

უკვე წლებია, „დიფ სტეიტის“ ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიფ სტეიტს“ ჩართული ჰყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი.

„დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ სჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიფ სტეიტის“ მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია", - წერს ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები