Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ჯუბა გრიგოლია მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ წარმატებული მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად, საქართველოში მაღალი დონის ტურნირების დაორგანიზებაა საჭირო - ამის შესახებ გრიგოლიამ BMGDrive-ში ისაუბრა.
“ჩვენი ქვეყანა ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს მარკეტინგულ აქტივობებში, CNN-ზე რომ გამოვჩნდეთ, აეროპორტებში, ჟურნალებში და ა.შ. მაგრამ ჩვენ დღემდე ვერ ან არ ჩავატარეთ ტურნირი ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოს 200 ქვეყანაში მთავარი სპორტული არხები გააშუქებდნენ, მაგალითად, საჩოგბურთო ტურნირი ATP თბილისი ან ATP ბათუმი.
მაგალითად, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, ჩემი აზრით, ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ATP-ის ტურნირი, რადგან ის უფრო დიდ დონეზე იშლება, რაც უფრო პრემიუმ სეგმენტზე გასვლას ნიშნავს. მათზე, ვინც შეიძლება საქართველოში ჩამოვიდეს, ბიზნესი წამოიწყოს, ტურიზმში ფული დახარჯოს და ა.შ.” - განმარტავს Setanta-ს განვითარების ოფიცერი.
ჯუბა გრიგოლია განმარტავს, რომ პოპულარულ ტურნირებსა და ჩემპიონატებში წარმატებული ასპარეზი მნიშვნელოვანია, თუმცა კომერციული ღონისძიებების დაგეგმვა მაინც აუცილებელია.
“UEFA-ს ევროპის ჩემპიონატი უდიდესი მოვლენაა, თან შედეგიც ვაჩვენეთ. სამწუხაროდ, პენალტების სერიაში დავმარცხდით - თუმცა კომერციული სპორტული ტურნირები სხვაა და მსგავსი მარკეტინგი სხვაა, რომელშიც ჩვენ იმდენ ფულს ვხარჯავთ, რომ ამონაგებიც საკმაოდ მცირეა.
მარტივად რომ ვთქვათ, 21-წლამდელთა ტურნირის საყურებლად ისეთი ქვეყნიდან არავინ ჩამოვა , რომელიც აქ არ თამაშობს (როგორც საქართველოში ჩვენ გარდა შვიდმა ნაკრებმა ითამაშა). ასეთი ტურნირები ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს, ჩვენ ძირითადად გვაქვს ტურნირები, უბრალოდ რიგის მიხედვით, რომ გვიწევს აქ ჩატარება და მარტივად შეაფასებთ, რამდენადაა ის კომერციულად მოგებიანი, იმიტომ რომ მსოფლიო TOP-10 ან 20 ტურნირიდან ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ტარდება”, - განაცხადა ჯუბა გრიგოლიამ.