დღეს, 17:00 საათზე Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია გაიმართება.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონფერენციაში მონაწილეობა კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, რომლებიც პლატფორმის მოთხოვნებს არ ეთანხმებიან და არ არიან ხელმომწერები.
კონფერენციის თემა: "არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები"
"გაითვალისწინეთ, რეგისტრაცია სავალდებულოა!
სარეგისტრაციო ბმული გამოგზავნილია ყველა მხარდამჭერი კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
დარეგისტრირებულ მონაწილეებს დეტალურ განრიგს დღის განმავლობაში გამოგიგზავნით.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ჩაერთოთ მნიშვნელოვან დისკუსიაში!" - წერია თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის განცხადებაში.
შეგახსენებთ, Freebusiness.ge-ს ხელმომწერი ბიზნესმენები ითხოვენ ახალ არჩევნებს და უსამართლოდ დაკავებული პირების განთავისუფლებას. მოთხოვნებს უერთდება 2428 კომპანია.
რაც შეეხება დღის წესრიგს, ღონისძიებას გახსნის გიორგი ჩუგოშვილი freebusiness.ge-ის პრეზენტაციით, შემდეგი სპიკერი იქნება თემურ ჭყონია. იგეგმება ნიკა გილაურის მიერ ეკონომიკაზე გავლენის შესახებ Reformatics-ის პრეზენტაციაც.
სპიკერებისა და პრეზენტაციების შემდეგ კი გაიმართება პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერატორობას გაუწევს გიორგი ისაკაძე. მასში მონაწილეობას გიორგი პაპავა (ISET), გოგა ხიშტოვანი (PMCG), ზვიად ჭუმბურიძე (ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო) და ნიკა გილაური (Reformatics) მიიღებენ.