მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაუკავშირდა ერთმანეთს - ირაკლი ქარსელაძე

მაგისტრალი ზესტაფონი

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3,5 საათში იქნება შესაძლებელი.

„დღეს, აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაუკავშირდა ერთმანეთს, 97-დან 89 ხიდი უკვე აშენებულია, 51-დან 50 გვირაბი უკვე გაჭრილია, დღეს 9-კილომეტრიანი 4-ზოლიანი ზესტაფონის მაგისტრალური გზა მზად არის გასახსნელად. გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა, რომლითაც საქართველო შევა ევროპაში”, - განაცხადა შესავალ სიტყვაში ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, ზესტაფონის შემოვლითი გზა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ის ქალაქის განტვირთვას შეუწყობს ხელს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზესტაფონი განიტვირთება. შესაბამისად, მის პოტენციალს კიდევ უფრო მეტი გამოყენების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობა ექნება. მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანს. დღეის მდგომარეობით, 276 კმ უკვე აშენებული და გახსნილია, რაც მთლიანი აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის 64%-ს წარმოადგენს”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.

სამინისტროს გათვლებით, ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს, შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია, პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები