ბიზნესმენ დავით ცერცვაძის შეფასებით, დღეს ბანკები ბიზნესის პარტნიორები არ არიან, რადგან მათ მიერ გაცემული სასესხო პირობები საფინანსო ინსტიტუტების რისკებს აზღვევს, ბიზნესს კი აზარალებს. გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას „მგზავრები ჯგუფის“ და „შატო ვარციხის“ დამფუძნებელი დავით ცერცვაძე ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ქვეყანაში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს და ამბობს, რომ ბანკი კერძო სექტორისთვის ფინანსური რესურსის ერთადერთი წყაროა. ქართულ საფინანსო სექტორში კი კონკურენტული გარემო არ არის.
„ბიზნესს სჭირდება თავისუფალი გარემო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მარტივი საგადასახადო სისტემა. კონკრეტულად თუ განვიხილავთ, საბანკო სექტორში ეროვნულ ბანკთან ერთად, ორ ბანკს სრული მონოპოლია აქვს, ვიცით ბანკებს რამხელა მოგებები აქვთ. მარტივად რომ ვთქვა, დღეს ბანკი ბიზნესის პარტნიორი არ არის. ნებისმიერი ბიზნესი ერთი ბიზნესით რომ მივიდეს ბანკთან, ამ ბიზნესის გარდა მის სახელზე არსებული სხვა ქონებების ჩადებასაც მოსთხოვენ და ყველა რისკი გადადის ბიზნესზე. პანდემიური პერიოდი იქნებოდა ეს თუ ომის გავლენა, ყველა შემთხვევაში ბიზნესი კოტრდება, ბანკი კი მდიდრდება, იმდენად აქვს რისკები გადაზღვეული. აქედან გამომდინარე ბიზნესი უკვე ცდილობს თამამი ნაბიჯები გადადგას, რადგან ბანკებიდან ასეთი დამოკიდებულებაა. ასეთი მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის არ არსებობით არის გამოწვეული. ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას თავისუფალი გარემო, იმისთვის რომ უცხოურ ბანკებს ბაზარზე შემოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. ბანკების კონკურენცია ბიზნესისთვის ნიშნავს უფრო იაფ ფულს და გაზრდილ ხელმისაწვდომობას. ერთადერთი რესურსი ბიზნესისთვის საბანკო პროდუქტებია, რომელიც ძალიან ძვირი გვიჯდება“, - ამბობს დავით ცერცვაძე.
ბიზნესმენის შეფასებით, რაც უფრო ნაკლებად ჩაერთვება სახელმწიფო ბიზნესის მხარდაჭერა, ამგვარად უფრო ხელს შეუწყობს ბიზნესს. „სახელმწიფომ რაც უნდა გააკეთოს ეს არის ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი, ბუნებრივი აირი, რაც ბიზნესის წარმოებისთვის არის საჭირო. შეიქმნას მარტივი საგადასახადო სისტემა, კონკრეტული გარემო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. სახელმწიფომ ნაკლები რეგულაციებით ბიზნესს მეტი თავისუფლება უნდა მისცეს ოპერირებისთვის“, - აღნიშნა დავით ცერცვაძემ.