“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება ფერმერთა რეესტრი. ეს მნიშვნელოვანი თემაა სტატისტიკისთვის, ანალიზისთვის და საბოლოოდ ჩვენთვისაც, დარგის წარმომადგენლებისთვის, რადგან დღეს შეიძლება ითქვას, რომ „ბნელ ოთახში“ ვართ, სადაც არ ვიცით ვინ, სად, რას აკეთებს” - ასე ეხმაურება რძის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აგრორეფორმის ფარგლებში დაანონსებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან ქვეყანაში ფერმერთა რეესტრი უნდა ამოქმედდეს. ეს ციფრული პლატფორმაა, რომელიც მათ შორის ფერმერთა იდენტიფიკაციის მიზანს მოემსახურება.
როგორც კახა კონიაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, ეს ნაბიჯი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სექტორისთვის, რადგან რეესტრი დაეხმარება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, უკეთ დაინახონ, ვინ, სად და რა საქმიანობას ეწევა, რაც აქამდე გარკვეულწილად „ბნელო ოთახში“ მუშაობას ჰგავდა.
აგროთანადაფინანსების პროგრამაში სიახლეა მონიტორინგის გამკაცრებაც, რასაც კერძო სექტორი პოზიტიურად აფასებს.
“ვერ ვიტყვი, რომ აქამდე მონიტორინგი არ ტარდებოდა, მაგრამ ძირითადად ტარდებოდა ფინანსური კუთხით, თუ რაში იხარჯებოდა თანხა. როგორც მოვისმინეთ და მანამდე როგორც ვისაუბრეთ მინისტრის მოადგილესთან, საუბარია იმაზე, თუ როგორ იხარჯება თანხა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ანალიზი იქნეს გაკეთებული, რაში იხარჯება სახელმწიფო დაფინანსება.
ერთი აქცენტი დაისვა, რომ პროფილი აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ ვიყავით იმის მომსწრეები, რომ თანხები იხარჯებოდა, საწარმოები იქმნებოდა ამა თუ იმ რეგიონში და შემდგომ მალე იხურებოდა ან პროფილს იცვლიდა იმის გამო, რომ წინასწარ არ იქნა შესწავლილი, ვთქვათ რა სიტუაცია იყო, რა გარემო იყო. მაგალითად, რძის გადამმუშავებელ საწარმოებში იყო ეს პრობლემა, რომ იქმნებოდა ეს საწარმოები, მაგრამ შესწავლილი არ იყო რეგიონი, საიდანაც მერე ეს რძე უნდა მიეღოთ. იმის გამო, რომ რეალურად დეფიციტური იყო გარემო, შესაბამისად საწარმო ვეღარ ფუნქციონირებდა. ან გადადიოდა , ე.წ „არალეგალურ“ მდგომარეობაში და რძის ფხვნილით რას აკეთებდნენ, კაცმა არ იცოდა”, - აცხადებს კახა კონიაშვილი.
ცალკეული პროგრამებიდან ერთიან მოდელზე გადასვლა - ეს მთავარი სისტემური ცვლილებაა, რასაც მთავრობის აგროსექტორის მხარდამჭერი ახალი პროგრამა ითვალისწინებს. ამიერიდან სახელმწიფო პროექტებს არა ცალკეული კომპონენტების მიხედვით დააფინანსებს, არამედ მთლიანად პროექტის თანადაფინანსებაში შევა. აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პროექტებში მაქსიმუმ 2 მილიონი და მინიმუმ 100 ათასი ლარის ინვესტიციით მიიღებს მონაწილეობას.




























