დღეს, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn Express-ში (ლაგოდეხის ქუჩა N4, თბილისი), ევროპული ბიზნეს ასოციაცია კომპანია „გრანთ თორნთონთან“ ერთად გამართავს ღონისძიებას „მუდმივი დაწესებულებისთვის მოგების მიკუთვნების გამოწვევები საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის“.
ღონისძიებას გახსნიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი და კომპანია "გრანთ თორნთონის" მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე.
ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე განიხილება ბიზნეს სექტორისათვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი - მუდმივი დაწესებულებისთვის მოგების მიკუთვნების გამოწვევები საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში წარიმართება და მას დაესწრებიან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„არსებული პრაქტიკით, საერთაშორისო კომპანიები მუდმივი დაწესებულების მოგების მიკუთვნების დადგენისა თუ საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების ფარგლებში საბაზრო ფასის დადგენისათვის, ხშირად მიმართავენ აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს შესაბამისი ანგარიშის მომზადებისთვის. შემდგომში ამგვარი ანგარიში შესაძლოა წარდგენილი იქნას საგადასახადო ორგანოში, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის ფარგლებში. აღსანიშნავია რომ ამგვარი, თუნდაც რეპუტაციული საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებული, ანგარიშის არსებობა, არ გამორიცხავს პოტენციური საგადასახადო რისკების წარმოშობას იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ორგანოს ექნება განსხვავებული მიდგომა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გადასახადის გადამხდელის და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის მსჯელობა შესაბამისობაში იყოს საგადასახადო ორგანოს მიდგომებთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული საჯარო-კერძო დიალოგის გამართვა“, - ნათქვამია EBA-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.