მაღაროელის, პროფესიით ამფეთქებლის ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილებს ხელფასებზე და კომპენსაციებზე ინფორმაცია მიმდინარე კვირაში ეცოდინებათ. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა.
"22 დღეა რაც ვშიმშილობთ. ციხეშიც შიმშილობს ერთი ადამიანი. დღეს, ერთ-ერთი ჩვენგანი შეუძლოდ გახდა და ახლაც სასწრაფო გვყავს.
გუშინდელ დღესაც შეეხება, ავედით კომპანიის ოფისში, გვინდოდა შესვლა შეხვედრა, არ შეგვიშვეს კარში. შემდეგ, როგორც მოგვაწოდეს გარეთ ინფორმაცია, მიხაილ სოცკი თბილისში იყო წასული, ზუსტად ამ გათავისუფლებული რეორგანიზაციის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ხალხის სახელფასო თუ საკომპენსაციო ანაზღაურების საკითხზე. დღეს უნდა მოეწოდებინათ პასუხი და დღეს მოიტანეს ისეთი პასუხი, რომ ამ კვირაში გვეცოდინება რა ბედი გველის ხელფასებზე და კომპენსაციებზე, მათ, ვინც გარეთ დავრჩით, სამსახურს გარეთ.
ბიჭების სასამართლო არის 17 ივლისს დანიშნული და არავითარი სიახლე არ გვაქვს, ვართ ასეთ მდგომარეობაში", - განაცხადა მიქაცაძემ.
bm.ge-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ვინმეს კომუნიკაცია, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მიქაცაძე ამბობს "აბსოლუტურად არა, არც წერილი, არც გამარჯობა - სრული იგნორი. თითქოს არც ვარსებობთ. არც ადგილობრივი, არც ცენტრალური, აბსოლუტურად... არც კომპანია, საერთოდ არავინ კონტაქტზე არ გამოდის".
ცნობისთვის, პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნა ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებაა, რომლებიც 29 აპრილს დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული.


























