დღეს, 27 ოქტომბერს იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერად არჩევიდან სამ დღის შემდეგ მიიღო.
როგორც უცხოური მედია წერს, მმართველი პარტია, რომელიც იაპონიას თითქმის ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში მართავს და მისი ლიდერი პოტენციურად ყველაზე ცუდი შედეგის წინაშე დგანან 2009 წლის შემდეგ, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევები მიუთითებს, რომ მმართველმა პარტიამ და მისმა კოალიციურმა პარტნიორმა შესაძლოა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლონ.
საგულისხმოა, რომ არჩევნებს წინ მმართველი პარტიისთვის მღელვარე რამდენიმე წელი უსწრებდა, სკანდალების კასკადით. ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ წლის დასაწყისში მმართველმა პარტიამ 20%-ზე დაბალი რეიტინგი აჩვენა, პოლიტიკური დაფინანსების კორუფციული სკანდალის ფონზე.
მიუხედავად ამისა, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" კვლავ რჩება ძლიერ კონკურენტად ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომლებმაც ვერ მოახერხეს გაერთიანება ან ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მმართველობის ეფექტური არჩევანი თავად არიან.
შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თანამდებობა დატოვა თავის კაბინეტთან ერთად, რითაც გზა გაუხსნა მის შემცვლელს, შიგერუ იშიბას თანამდებობის დასაკავებლად. 67 წლის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შიგერუ იშიბა მმართველი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერად 27 სექტემბერს აირჩიეს კიშიდას ნაცვლად, რომელმაც აგვისტოში განაცხადა, რომ გადადგებოდა თავისი 3-წლიანი მმართველობის ვადის ბოლოს.