მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს, ინვესტორებისთვის თბილისი ფულის შოვნის ქალაქია“ - ჩემი ქალაქი მკლავს

დდ

არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი, გიორგი ჯაფარიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ უკონტროლო მშენებლობების საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული მშენებლობების 90% მოსახლეობასთან სრულიად შეუთანხმებელია.

მისივე თქმით, დღეს თბილისი არის ფულის შოვნის ქალაქი ინვესტორებისთვის, სადაც მოსახლეობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

„ჩვენი მოძრაობა 2018 წლიდან გარემოს დაცვითი საკითხებით იყო დაკავებული, თუმცა 2019 წლიდან, როდესაც სამშენებლო საკითხებზე გადავედით, დავინახეთ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობა იყო. მაგალითად, საფეხბურთო სტადიონის ადგილად 11 კორპუსი უნდა აშენებულიყო, მაშინ როდესაც თბილისის მერიისგან ბრძანება იყო, რომ სტადიონის ადგილას კორპუსები არ უნდა აშენებულიყო. მაგრამ, მოსახლეობასთან ერთად, ამ ადგილას კორპუსების მშენებლობა შევაჩერეთ და დღეს უკვე იმ ადგილას ცენტრალური პარკია გაშენებული.

დღეს, ინვესტორებისთვის, თბილისი ფულის შოვნის ქალაქია, სადაც მოსახლეობა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ამიტომ, გენგეგმა უნდა შესრულდეს, რისთვისაც მასში ჩახედვაა საჭირო.

ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ უნდა მოხდეს ახალი დაგეგმარების გაკეთება თბილისიდან რუსთავამდე და თბილისიდან მცხეთამდე, სადაც დიდი სივრცეებია, რათა ქალაქი გაიშალოს და ნორმალურად განაშენიანდეს,“- აცხადებს ჯაფარიძე.

მისი ცნობით, უკონტროლო მშენებლობის შესაჩერებლად, შედეგის 30% იურიდიული მხარეა, რადგან ხშირად ისეთი ხარვეზები ფიქსირდება, რისი დადგენაც მხოლოდ იურიდიული განათლების მქონე ადამიანს შეუძლია, ხოლო 70% მოსახლეობის ჩართულობაა.

„მოსახლეობის ზიანის მიყენების შემთხვევაში, სტანდარტულად, მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს, მერიაში განცხადება შეაქვს, საიდანაც არავითარი უკუკავშირი არ არის. შემდეგ, მერიაში 1 თვე განხილვა მიმდინარეობს ხოლმე, თუმცა ამის პარალელურად მშენებლობაც მიმდინარეობს. შემდეგ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი ნორმაშია, შემდეგ საქმე სასამართლოში მიდის და პროცესი ასე ჭიანურდება,“- განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი.

ჯაფარიძე ასევე ელიავას მიმდებარედ ბეტონის ქარხნის მშენებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წერთ უკმაყოფილების შესახებ, რომ მათი საცხოვრებლის თავზე ბეტონის საწარმო უნდა აშენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები