დღეს, 10:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას გამართავს.
კომისია გასაუბრებას გამართავს: გიორგი ბურჯანაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან, მანუჩარ კაკოჩაშვილთან, კახა წიქარიშვილთან და თამარ ალფაიძესთან. გასაუბრება და კონკურსანტების შეფასება მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
გასაუბრების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელების ,,ფეისბუქისა“ და ,,იუთუბის“ მეშვეობით.
დღეს, გასაუბრების პროცესს დაესწრებიან და მონიტორინგს გაუწევენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები, რომლებიც გასაუბრების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.
პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება; პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა.