მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ივანიშვილის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ „ქართუ ბანკი“ ჩვეულებრივი კანტორაა - გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს დახურულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ „ქართუ ბანკი“ არის ჩვეულებრივი კანტორა და სალაროა.

„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავას და მის ყოფილ მოადგილეს, დავით გალუაშვილს, რომლებიც დღეს დახურულ სხდომაზე დაიკითხნენ, ბიძინა ივანიშვილის შავი სალაროს გამგე და მისი მოადგილე არიან.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის 5 მლნ დოლარს ედავება, იმასაც აცხადებს, რომ რაც დღეს სასამართლოში დახურულ კარს მიღმა ხდებოდა, ბანანის რესპუბლიკისთვისაც დაუშვებელია.

„დღეს დაიკითხა ჩემი სალაროს შავი სალაროს გამგე და ბიძინა ივანიშვილის მოადგილე. ეს შეხვედრა დახურული სწორად იმიტომ იყო, რომ ეს ორი პიროვნება სამი საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ „ქართუ ბანკი“ არ არის ბანკი და ეს არის ჩვეულებრივი კანტორა, სალარო, რომელიც მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის მითითებებს. მათ პირდაპირ თქვეს რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ რა წერია დოკუმენტებში და ყველაზე მთავარი მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, რომ ეს სესხი ვითომ მისი ინვესტიცია იყო, არანაირი დოკუმენტური საფუძველი ან მტკიცებულება ამას არ აქვს და არ არსებობს. ნატო ხაინდრავამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია იყო. არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არც მოწმე, რომელიც რაიმე სახით ადასტურებს, რომ ვითომ ეს ინვესტიცია ივანიშვილის გაკეთებული იყო. მან თვითონვე თქვა, რომ ის ქეში ფულით განაგებს მილიონ ლარზე დიდი ოდენობის ტრანზაქციებს ისე, რომ არც ბიძინა ივანიშვილს აძლევს ამაზე არანაირ უკუკავშირს და არც ვალდებული არ არის არავისთან რომ რაიმე გაასაჯაროოს ამ თანხებზე.

დღეს ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც ივანიშვილის მიერ მოვლენილმა წარმომადგენელმა პირდაპირ არ მოერიდა არავის, სასამართლო დარბაზში ადგა, მივიდა პროკურორთან და მითითებების მიცემა დაუწყო. ეს დაუშვებელია ნებისმიერი ბანანის რესპუბლიკისთვისაც კი. შირმასაც კი არ აკმაყოფილებენ, პირდაპირ არის იქ ივანიშვილი მოსამართლე, ივანიშვილი პროკურორი, ივანიშვილის გაგრძელება მოწმეები და ივანიშვილის სახით მისი წარმომადგენლები. და ამ სპექტაკლს უნდა დაარქვას სამართალი“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

ბრალდებულის ადვოკატი ლევან მახარაშვილის თქმით, დღეს სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიამ სესხი დაბრკოლებების გარეშე დაფარა.

„საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები უტყუარია და მათ დიდ ნაწილზე ხელი აქვს მოწერილი ქალბატონ ხაინდრავას. დოკუმენტების მიხედვით უტყუარად დასტურდება ვინ იყო მსესხებელი, რა იყოს სესხის პროცენტის ოდენობა, გადახდის ფაქტი და დღეს ქალბატონმა ნატომ თავადაც აღიარა, რომ სესხის გადახდა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიის მიერ მოხდა. გვქონდა კონკრეტული დოკუმენტები და ვახდენდი ციტირებას და ვეკითხებოდი - რით ახსნიდა განსხვავებას მის ჩვენებასა და საქმის პირდაპირ მტკიცებულებებს შორის, არც ერთ მათგანზე პასუხი არ ჰქონიათ“, - განმარტა ლევან მახარაშვილმა.

ივანიშვილი დაობს, რომ 2015 წლის ივნისში გაცემული $5 მილიონის სესხით, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიაზე “ქართუ ბანკის” მიერ გაიცა, ბაჩიაშვილმა განახორციელა წარმატებული ინვესტიცია კრიპტოვალუტების მოპოვებაში და წმინდა მოგების სახით დიდი ოდენობის ბიტკოინები მიიღო. პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ წარდგენილი ბრალი 9,000 ბიტკოინის მითვისებას შეეხება. ამ კრიპტოვალუტის ღირებულება დღევანდელი ფასით 949 მილიონი დოლარია. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების შეფასებით, საქმე აბსურდულია, რადგანაც კონტრაქტი მიღებული მოგების განაწილებას არ უკავშირდებოდა და ის ჩვეულებრივი საბანკო სესხის სახეს ატარებდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა 23 იანვრის გაასაჯაროვა მუქარის წერილი, რომელიც მისმა ადვოკატმა მიიღო. წერილის თანახმად, ივანიშვილი ბაჩიაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდა 5,000 ბიტკოინის გადახდას, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ის ამ თანხას არ გადაიხდიდა, ყოველ გადაცილებულ თვეზე ძირი თანხისთვის 500 ბიტკოინის დამატება მოუწევდა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილისთვის 5,000 ბიტკოინის მოთხოვნა (საბაზრო ფასი $527 მილიონი) მუქარას არ წარმოადგენდა და ის ჩვეულებრივი მოლაპარაკება იყო. შესაბამისი განცხადება წიქვაძემ 24 იანვრის სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები