“დღეს ხელმოწერილი პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. იგი მიმართულია შუა დერეფნის მდგრადობის გაძლიერებისკენ. საქართველო შუა დერეფნის კრიტიკული კვანძია და დღევანდელი პროექტი მხარს უჭერს ინვესტიციებს სახმელეთო საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ასევე ინსტიტუციურ განვითარებაში," - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა რონალდ პრაისმა ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელმოწერილ $372-მილიონიან საკრედიტო დაფინანსებაზე.
აღნიშნული სესხით საქართველო შეიძენს ახალ ლოკომოტივებს და დაიწყებს კახეთში ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი გზის და გურჯაანი-თელავის 37-კილომეტრიანი გზის მშენებლობას. ამასთან, აღნიშნული კრედიტი წარმოადგენს 751-მილიონიანი მრავალმრივი საკრედიტო დაფინანსების პროექტის ყველაზე მსხვილი კომპონენტი, რადგან საქართველოს მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს აზიის განვითარების ბანკთან (ADB) 175 მილიონი დოლარის მიღების და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკისგან 182 მილიონი დოლარის დაფინანსების მიღების შესახებ.
როგორც რონალდ პრაისი აღნიშნავს, მსოფლიო ბანკი პატივად მიიჩნევს ამ პროექტში მონაწილეობას, რომელიც არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შუა დერეფნისთვის და რეგიონისთვის ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
"მსოფლიო ბანკი პატივად მიიჩნევს ამ პროგრამაში მონაწილეობას და საქართველოს მთავრობასთან, აგრეთვე აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობას. ეს არის $750 მილიონზე მეტი მოცულობის მასშტაბური პროგრამა, საიდანაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა შეადგენს $372 მილიონს.
სამუშაოს დაწყებას დაუყოვნებლივ შევუდგებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საგზაო დეპარტამენტთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს რკინიგზასთან ერთად. ჩვენ პატივად მივიჩნევთ, რომ ამ მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული ოპერაციის განხორციელებაში ვართ ჩართულნი,”- განაცხადა როლანდ პრაისმა.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის 45 ერთეული ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შესაბამის საპროექტო შეთანხმებას სს „საქართველოს რკინიგზასა“ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოაწერეს სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
მთლიანობაში 751 მილიონიანი პროექტიდან 387 მილიონი დოლარი უნდა მიიმართოს საქართველოს რკინიგზაზე, აღნიშნული თანხიდან 350 მილიონი დოლარით 45 ახალი ლოკომოტივის შესყიდვა უნდა მოხდეს, 37 მილიონი დოლარით კი რკინიგზის ქვესადგურების გაუმჯობესება და მართვის ეფექტიანობის ზრდა უნდა მოხდეს.
დანარჩენი თანხა კი საგზაო ინფრასტრუქტურაზე უნდა მიიმართოს - 315 მილიონი დოლარი იქნება ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი გზის მშენებლობა და თელავი-გურჯაანის 36.6-კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.




























