მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მთელი ემიგრაცია, ახალგაზრდობა, ჩვენი ერის წარმომადგენლობა დგას ქუჩაში, მოუსმინეთ მათ - მოწერელია

დეპუტატი
14.05.24 13:28
426

„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული, რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისი განცხადებით, თუ ეს კანონი მართლაც კარგია, ხელისუფლებამ უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ ქუჩაში არ გამოვიდნენ.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში. მსგავსი კონსოლიდაცია არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში, ერიც და ბერიც ქუჩაშია. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ რადიკალური ოპოზიციაა დამნაშავე, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ საქართველოს ხელისუფლებას, თუ თქვენ თვლით, რომ ეს კანონი ძალიან კარგია, ისევ თქვენ ხართ ვალდებული აუხსნათ მოსახლეობას, რომ ქუჩაში არ გამოვიდეს“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე თქმით, ამ დაპირისპირებაში ვერავინ გაიმარჯვებს.

„წარსული აწმყოზე ვერ გაიმარჯვებს, მით უმეტეს ვერც მომავალზე. კულმინაციის ზღვარია უკვე დამდგარი. გამოდიან ახალგაზრდები, იფიცებიან უნივერსიტეტები, ეს პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, თქვენ შეგიძლიათ არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან ის არ არის საქართველოს ინტერესების გამტარებელი, ეს არის რუსული კანონი, არ მოგვიტანს სასიკეთოს არაფერს. დღეს მთელი ემიგრაცია, ახალგაზრდობა, მთელი ჩვენი ერის წარმომადგენლობა დგას ქუჩაში, მოუსმინეთ მათ, ძალიან გთხოვთ და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები