პარლამენტი 2 და 3 სექტემბერს პლენარულ სხდომებს გამართავს და ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
„ჩვენ სწორედ ამ გრაფიკს მივყვებით - მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები გაიმართება, შემდეგ კი, არჩევნებამდე იქნება პაუზა. მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება გაგრძელდეს საკომიტეტო სხდომები. პარლამენტი არჩევნების შემდეგ პლენარულ სხდომებს განაახლებს.
რა თქმა უნდა, თუ საჭიროება იქნება, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია პლენარული სხდომის გამართვა, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მიმდინარე თვეს პლენარული სხდომები არ გაიმართება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე სასესიო კვირაში შემდეგ საკითხებს განიხილავენ: "განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე უნდა ვცნოთ პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება, რომლებიც ამ პოლიტიკური გაერთიანების უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად პარლამენტის წევრები გახდებიან. პლენარულ სხდომებზე, რა თქმა უნდა, გაიმართება კანონპროექტების განხილვა".




























