მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს საქართველო IGaming-ის მიმართულებით აღიარებული რეგიონალური ჰაბია" - SMH

ლაშა მაჭავარიანი

SMH-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი გასულ კვირაში თბილისში ჩატარებულ SBC სამიტს აჯამებს. "ბიზნესის კვირეულის" ეთერში საუბრისას ის აღნიშნავს, რომ SBC-ის სათავო ოფისთან საკმაოდ აქტიური მუშაობა მოუწიათ იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ღონისძიება თბილისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო IGaming-ის მიმართულებით აღიარებული რეგიონალური ჰაბია, ამ შედეგის მიღწევა გაუმარტივდათ.

"SBC" მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდია, რომლის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და ამ ტიპის ივენთებს ძალიან მნიშვნელოვან ქალაქებში, ნიუ ჯერსიში, ბარსელონაში, ლონდონში, მალტაში, რიო დე ჟანერიოში და სხვებში მართავს. რეგიონული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ სამიტი კიევშიც გავმართეთ, კიევი აცენტრალიზებდა რეგიონს, თუმცა ახლა შექმნილი მდგომარეობის გამო, ჩვენ რაღაც გარკვეული გადაადგილება უნდა გაგვეკეთებინა, არჩევანი გავაკეთეთ თბილისზე. SBC-სთან საკმაოდ აქტიური მუშაობა გვქონდა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს საქართველო და არა სხვა ქვეყნები, რომელიც პოპულაციის მხრივ უფრო მსხვილიცაა. ჩვენ საკმაოდ არგუმენტირებულად დავამტკიცეთ, რომ ეს საქართველო უნდა ყოფილიყო, რადგან დღეს ჩვენი ქვეყანა IGaming-ის მიმართულებით აღიარებული ჰაბია", - ამბობს ლაშა მაჭავარიანი.

მისივე ცნობით, საქართველოში IGaming-ის მიმართულებით ძალიან ბევრი სტარტაპ კომპანიაა, რომელიც საინტერესო პროდუქტსა და სერვისს ქმნის, თუმცა მათ საერთაშორისო ასპარეზზე მოხვედრისთვის პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით დიდი ფინანსებია საჭირო. ასევე, რა თქმა უნდა, კონტაქტებიც, აღნიშნული ღონისძიება კი სწორედ ამ რესურსების მოძიებას ემსახურებოდა.

"ჩვენ ამ ადამიანებისთვის რეალური პლატფორმის შექმნა გვინდოდა, რომლითაც ისინი თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების წარმოჩენას შეძლებდნენ, ბაზრის უკეთ გაგებას და ა.შ. ამ ურთიერთობის პრინციპები ორ დღეში დაფუძნდა კიდევაც, უკვე უკუკავშირები მივიღეთ საერთაშორისო მონაწილეებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 1000-ზე მეტი მონაწილე გვყავს, აქედან დაახლოებით 40% უცხოელები არიან - აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნებიდან და ასევე დასავლეთ აზიაც. 400-მდე დელეგატი იყო უცხოელი", - განაცხადა SMH-ის დამფუძნებელმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 23 და 24 ოქტომბერს, თბილისში პირველად, iGaming კონფერენცია SBC Summit Tbilisi ჩატარდა, რომელიც ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და ქართული კომპანიის SMH-ის თანაორგანიზებით გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები