“საქართველოში მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის და ქვეყანას რეალური შანსი აქვს, რეგიონში სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს” - ამის შესახებ BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ბახუტაშვილმა განაცხადა.
გადაცემაში რომელიც დაეთმო მაღალტექნოლოგიურ კარდიოლოგიას, მოწვეული იყო 11 წამყვანი კარდიოლოგი, კარდიოქირურგი და არითმოლოგი, რომელთაც დარგის მიღწევები და გამოწვევები შეაფასეს.
ზვიად ბახუტაშვილის შეფასებით, თანამედროვე კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ჩამოყალიბება საქართველოში ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დღეს უკვე არსებობს პროფესიული და ტექნოლოგიური ბაზა, რომელიც საერთაშორისო პაციენტების მიღების საშუალებას იძლევა.
მისი განცხადებით, საქართველოს კონკურენტული უპირატესობა არა მხოლოდ ფასებში, არამედ სამედიცინო მომსახურების ხარისხშიც არსებობს. ზვიად ბახუტაშვილმა ყურადღება გაამახვილა სწორი სტრატეგიის დაგეგმვაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგია საქართველოსთვის არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ეკონომიკურ შესაძლებლობად იქცეს და ქვეყანამ სამედიცინო ტურიზმის რუკაზე მყარი ადგილი დაიკავოს.
“დღეს რეალური შანსი გვაქვს, საქართველოში სამედიცინო ტურიზმი დავიწყოთ. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის გარდა, საკმაოდ რთული მდგომარეობაა და ერთეული ადგილებია, სადაც პაციენტებს მაღალი დონის მომსახურების მიღება შეუძლიათ. ამ ფონზე საქართველოს საინტერესო ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. ჩვენთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც რუსულადაც საუბრობენ, რაც ამ სივრციდან ჩამოსული პაციენტებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. რა თქმა უნდა, კონკურენცია თურქეთთან მარტივი არ არის, მაგრამ ფასების თვალსაზრისით ნამდვილად შეგვიძლია კონკურენცია და, ჩემი აზრით, ხარისხშიც საკმაოდ მაღალი გვაქვს. ამავე დროს, უნდა ვიყოთ ობიექტურები, მედიცინა დასავლეთში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ, ეს დისტანცია კლებულობს თუ პირიქით, იზრდება. სწორედ ასეთი რეალისტური ხედვა და მუდმივი განვითარება განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული იქნება საქართველო, როგორც მაღალტექნოლოგიური მედიცინისა და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით”, - ამბობ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი.



























