დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში განათლების საერთაშორისო გამოფენა ტარდება. გამოფენა 12:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.
ასევე, გამოფენაში მონაწილეობას იღებს ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, იტალიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, ESN, AIESEC, და სხვა), რომლებსაც აქვთ საგანმანათლებლო შეთავაზებები ქართველი ახალგაზრდებისთვის. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებას.
აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge.
ღონისძიების სპონსორები არიან: Anglo-American University in Prague; Northwestern University in Qatar; Fondazione Università Ca' Foscari.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება უფასოა.



























