დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ქვეყანაში 24-25 ივლისს მომხდარი ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიული გათიშვების მიზეზებზე იმსჯელებენ.
სემეკის 21 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, განსახილველ საკითხებს შორისაა:
- „2026 წლის 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი სასისტემო ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და განხორციელებულ ქმედებების ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შესახებ“. წარადგენს: თორნიკე აფრიაშვილი
- "2026 წლის 25 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი სასისტემო ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და განხორციელებულ ქმედებების ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შესახებ“. წარადგენს: თორნიკე აფრიაშვილი
- „2026 წლის 24 და 25 ივლისის სასისტემო ავარიებთან დაკავშირებით სს „ხრამჰესი 1”-ის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ“. წარადგენს: თორნიკე აფრიაშვილი.
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
























