დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში MEGOBARI Act-ს განიხილავენ. სხდომა, რომელზეც ერთ-ერთი საკითხი ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტია, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა ორპარტიული კანონპროექტი, MEGOBARI Act-ი გასულ კვირას წარადგინეს.
„მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინეთ ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონპროექტი თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე“, - თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კომიტეტის წევრია.
"ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს აშშ-ს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღდგენაში",- აღნიშნა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა.
რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, MEGOBARI Act-ი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვის ინიცირებას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
- ის აღიარებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური გაწევრიანების პროცესის ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ;
- მოითხოვს პრეზიდენტმა სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში, რათა შეაფერხონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ან ჩაერთონ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რომლებიც საზიანოა საქართველოში სტაბილურობისთვის;
- ხალხთა შორის კავშირების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, განგრძობადი და უკანონო რუსული ოკუპაციის პირობებში.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილია “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი", რომელიც კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.



























