წამყვანი შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტის, UBS-ის ხელმძღვანელის, კოლმ კელეჰერის თქმით, შვეიცარიის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს “იდენტობის კრიზისია”. როგორც ის განმარტავს, ამაში იგულისხმება შვეიცარიის, როგორც გლობალური საბანკო მოთამაშის დასუსტება. სიტყვით გამოსვლისას კელეჰერმა შვეიცარიის საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ორგანო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა ქვეყანას კონკურენტუნარიანობას უკარგავს.
“იმ ფონზე, როცა შვეიცარიული მარეგულირებელი არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ ვმარცხდებით კონკურენციაში. ვმარცხდებით ჰონკონგთან და სინგაპურთან,” - თქვა UBS-ის ხელმძღვანელმა.
როგორც კელეჰერი განმარტავს, მარეგულირებლის მიერ ბოლო დროს წამოყენებულმა მოთხოვნებმა მათ სათავო ოფისის ქვეყნიდან გადატანის სურვილიც კი გაუჩინა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას იმ დადგენილებაზე ამახვილებს, რომელიც ბანკებს უცხოეთში გახსნილი ფილიალების ხელთ არსებული კაპიტალის 100%-ით შვეიცარიაში განთავსებას ავალდებულებს. შეგახსენებთ, ცვლილებამდე მათ მხოლოდ 60%-ის განთავსების ვალდებულება ჰქონდათ.




























