უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. თემა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდია. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე უნდა დაიწყოს.
როგორც მოსალოდნელია, ორი მხარე განიხილავს აშშ-ის შუამავლობით შემუშავებული სამშვიდობო გეგმის განახლებულ ვერსიას, რომელსაც მოსკოვი ჯერ არ უჭერს მხარს.
ზელენსკი, სავარაუდოდ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და ტერიტორიულ დათმობებზე ისაუბრებს, რომელთა შესახებაც რუსეთი აქამდე კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა.
ისინი ასევე განიხილავენ ახალ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შემუშავებული 28-პუნქტიანი გეგმის გადამუშავებული ვერსიაა.
ცნობისთვის, ამჟამად, მოსკოვი დონეცკის რეგიონის დაახლოებით 75%-ს და მეზობელი ლუგანსკის დაახლოებით 99%-ს აკონტროლებს. რეგიონები ერთობლივად დონბასის სახელითაა ცნობილი.
კრემლს კომენტარი არ გაუკეთებია ზელენსკის შეთავაზებაზე, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ დონბასის რეგიონიდან, თუ რუსეთიც უკან დაიხევს. თუმცა, შაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა „არ ჩქარობს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას“. პუტინმა დასძინა, რომ თუ კიევს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არ სურს, რუსეთი თავის მიზნებს სამხედრო გზით მიაღწევს.




























