მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს წვდომა აღარ გვაქვს კარგ, მაღალი წებოგვარის ფქვილზე - მალხაზ დოლიძე ე.წ. დამაბალანსებელ გადასახადზე

ფქვილი

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, ფქვილის იმპორტზე მოქმედ ე.წ. დამაბალანსებელ გადასახადს აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია მეპურეებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს და პროდუქციის ხარისხს აუარესებს.

როგორც დოლიძე BMG-სთან აცხადებს, გადასახადი, რომელიც ერთ ტომარა ფქვილზე 15 ლარს შეადგენს, „არარეალური რიცხვია“ და დარგს მნიშვნელოვნად აზარალებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, წისქვილკომბინატებისა და ხორბლის მომყვანებისთვის ხელსაყრელი იყოს, თუმცა, მეპურეებისთვის ის მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.

„ვერაფერი ვერ დააბალანსა, პირიქით, ხელი შეგვიშალა. დღეს წვდომა აღარ გვაქვს კარგ, მაღალი წებოგვარის მქონე ფქვილზე. როდესაც უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილის შეძენის საშუალება გვქონდა, სწორედ ამით ვაუმჯობესებდით პურის ხარისხს,“ - აცხადებს მალხაზ დოლიძე BMG-სთან.

მისი განმარტებით, ამჟამად, მეპურეები სრულად არიან დამოკიდებულნი ადგილობრივ ბაზარზე, სადაც წისქვილები რუსული და ქართული ხორბლის ნაზავს სთავაზობენ. დოლიძე ხაზს უსვამს, რომ კონკურენციის არარსებობა ხარისხის გაუარესების რისკს ქმნის, რადგან წისქვილებს ხარისხზე ზრუნვის მოტივაცია აღარ აქვთ.

„მე მესმის, რუსული ხორბალი შემოაქვთ, იმას ფქვავენ, მერე იქ „კუპაჟს“ აკეთებენ ქართულ ხორბალთან ერთად და ასე მოაქვთ ჩვენამდე, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მეწარმეს უნდა ჰქონდეს როგორც ფასში, ისე ხარისხში არჩევანის საშუალება. თუ საბაზრო ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, მომეცით საშუალება, რომ ეს არჩევანი მქონდეს. წისქვილები კონკურენტული გარემოს გარეშე დატოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარისხზე ზრუნვის მოტივაცია აღარ ექნებათ,“ - ამბობს მალხაზ დოლიძე.

მისივე ინფორმაციით, იმპორტირებული ფქვილის მოცულობა ბაზარზე მკვეთრად შემცირებულია, რაც სწორედ გაზრდილი გადასახადით არის განპირობებული. დოლიძე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გადახედონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა მეწარმეებს ხარისხიანი ნედლეულის შეძენის შესაძლებლობა დაუბრუნდეთ.

„ერთ ტომარაზე 15 ლარია გადასახადი, არარეალური რიცხვია, საერთოდ. მოულოდნელი იყო ჩვენთვისაც, იმიტომ რომ იყო 12 ლარი და უცებ გახადეს 15 ლარი. რატომ? რისთვის? დააბალანსეს, მაგრამ რომელი მხარე დაბალანსდა?“ - ამბობს მალხაზ დოლიძე.

მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წელს შემოიღო. გადასახადი დაწესებულია ქერსა და ქატოზეც. მიზეზად ხორბლის ადგილობრივი ბაზრის დაცვა დასახელდა. მეხორბლეები აცხადებდნენ, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილთან კონკურენცია უჭირდათ და ადგილობრივი ხორბალი ჩაუბარებელი რჩებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები