მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დღესასწაულებზე ფასები 30-50%-ით იზრდება" - ყვავილების მაღაზია „მიმოზა"

ყვავილები

ყვავილების მაღაზია „მიმოზას“ დამფუძნებელი თამო მერლანი აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით ყვავილების ფასი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა, განსაკუთრებით მაღალბიუჯეტიან თაიგულებზე, კვლავ მზარდია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, ფასების ზრდა განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდებში შეიმჩნევა.

„დღესასწაულებზე ფასები 30-50%-ით იზრდება. ჩვენგან დამოუკიდებლად, ყვავილს საბითუმოდ უკვე გაძვირებული სახით ვიღებთ. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვალენტინობის, 3 და 8 მარტის პერიოდში“, - აცხადებს თამო მერლანი.

როგორც ის განმარტავს, მიუხედავად გაზრდილი თვითღირებულებისა, კომპანია ცდილობს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი შეთავაზებები შეინარჩუნოს.

"ჩვენთან თაიგულების ფასი 50 ლარიდან იწყება. ყოველთვის ვცდილობთ, დღესასწაულზეც კი შევქმნათ ისეთი ბიუჯეტის თაიგულები, რომ ყველამ შეძლოს საყვარელი ადამიანის გაბედნიერება და არავინ დარჩეს საჩუქრის გარეშე. მართალია, წინა წელთან შედარებით ყვავილის ფასი საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა მოთხოვნა მაღალბიუჯეტიან თაიგულებზე დღესასწაულებზე კვლავ აქტუალურია", - ამბობს ის.

კომპანია ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ყვავილებით დამზადებულ თაიგულებს სთავაზობს. „მიმოზა“ თავდაპირველად ონლაინ მაღაზიის ფორმატში შეიქმნა, იმ პერიოდში, როდესაც თამო მერლანი ფლორისტიკის კურსს გადიოდა. ხოლო, ბრენდის სახელწოდება მის ბავშვობასა და აფხაზეთს უკავშირდება.

დამფუძნებლის თქმით, ხარისხი კომპანიისთვის პრიორიტეტულია და სწორედ ამიტომ პროდუქციის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია.

„პროდუქციის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხი და მომხმარებლის ნდობაა. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ჰოლანდიურ ყვავილებს. ფასები წლიდან წლამდე იზრდება და ეს გლობალური ტენდენციაა“, - აღნიშნავს მერლანი.

მისივე თქმით, მომხმარებლები ყველაზე ხშირად ვარდებს ირჩევენ, თუმცა კომპანია ცდილობს ასორტიმენტის მრავალფეროვნებას.

„ჩვენთან ძალიან უყვართ ვარდები, მაგრამ ვცდილობ, მომხმარებლებს შევთავაზო განსხვავებული, შერეული თაიგულები - არა მხოლოდ ვარდები, არამედ სხვადასხვა ყვავილების კომბინაციები. თაიგულებს ვამატებთ სათამაშოებს, ბუშტებსა და სხვა დეტალებს, რომ საჩუქარი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყოს“, - ამბობს ის.

მერლანის შეფასებით, ყვავილების ბაზარი წელსაც გამოწვევებით ხასიათდება, თუმცა კომპანია განვითარების გეგმებს არ ცვლის.

„როგორც ყოველთვის, წელსაც გამოწვევად რჩება ყვავილების ბაზარი, თუმცა ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში საინტერესო სიახლეებს აუცილებლად დავაანონსებთ“, - აცხადებს „მიმოზას“ დამფუძნებელი.

გარდა საცალო გაყიდვებისა, ბიზნესი ფლორისტიკის კურსებსაც მოიცავს. ამ მიმართულების განვითარება ერთგვარი სოციალური ინიციატივით დაიწყო : „ბიზნესის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ფლორისტიკის კურსი გავაჩუქეთ იმ ადამიანზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. სწორედ აქედან დაიწყო სასწავლო მიმართულებაც. დღეს უკვე დაახლოებით 30 სტუდენტი გვყავს და მათგან უმეტესობას საკუთარი მაღაზია აქვს“, - ამბობს თამო მერლანი.

გასულ წელს ყვავილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2025 წელს, ჯამურად $18.5 მლნ-ის ღირებულების 2 662 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით 62.4%-იან, ხოლო მოცულობით 40%-იან ზრდას ნიშნავს. შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში იმპორტირებული იყო $11.4 მლნ-ის ღირებულების 1 901 ტონა ყვავილი და კოკრები.

გასულ წელს საქართველომ ყვავილები ყველაზე დიდი რაოდენობით ეკვადორიდან შეიძინა - ამ ქვეყნიდან იმპორტმა 881 ტონა შეადგინა, რაშიც საქართველომ $7.5 მლნ გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები