მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეში 160 ტონა კაკალი და ექსპორტი ევროპაში - Walnuts.ge წარმადობას აორმაგებს

walnuts.ge

კაკლის გადამმუშავებელი კომპანია Walnuts.ge საწარმოს გაფართოებას გეგმავს. როგორც Walnuts.ge-ს დირექტორმა დავით ბუხნიკაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, პროექტის ფარგლებში კომპანია დღიური წარმადობის 80-დან 160 ტონამდე გაზრდას და ფერმერებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას აპირებს.

ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საწარმოს გაფართოების საჭიროება საქართველოში კაკლის ბაღების მსხმოიარობაში შესვლასა და მოსავლის დროული გადამუშავების მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს მშენებლობასა და აღჭურვაში კომპანიას უკვე 30 მილიონ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული, გაფართოებისთვის კი დამატებით 10 მილიონი ლარის დაბანდებას გეგმავს.

„ჩვენმა კომპანიამ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაკლის გადამმუშავებელი საწარმო შექმნა. ბევრი ბაღი უკვე შევიდა მსხმოიარობაში და მნიშვნელოვანია, ფერმერების მიერ მოყვანილი მაღალხარისხიანი კაკალი დროულად მივიღოთ და გადავამუშაოთ. წელს დღეში 80 ტონა კაკლის გადამუშავება შეგვიძლია, მომავალი წლიდან კი ამ მოცულობის გაორმაგებას ვგეგმავთ. თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით გადამუშავება საბოლოოდ ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ქარხნის მშენებლობასა და მოწყობაში ამ ეტაპზე 30 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ. დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, რათა გავზარდოთ წარმადობა და ფერმერებს სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ. ამ თანხის დაახლოებით მესამედი აგროკრედიტით დაფინანსდა, ორი მესამედი კი ჩვენი კერძო კაპიტალია“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი და დასძენს, რომ წარმოების ზრდასთან ერთად Walnuts.ge დასაქმებულთა რაოდენობის 16-დან 25-მდე გაზრდასაც გეგმავს.

რაც შეეხება რეალიზაციას, როგორც ის ამბობს, კომპანიის პროდუქციის თითქმის 100% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, სადაც პრემიუმ ხარისხის ქართულ კაკალზე მოთხოვნა მაღალია. პარალელურად, Walnuts.ge საექსპორტო მიმართულების განვითარებაზეც მუშაობს. ამ ეტაპზე ნიგვზის მიწოდება რამდენიმე ქვეყანაში სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს.

„საქართველოში მაღალი ხარისხის კაკალზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩვენ პრემიუმ ხარისხის კაკალს ვაწარმოებთ და პროდუქციის თითქმის 100% ქართულ ბაზარზე იყიდება. თუმცა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ნიგვზის მიწოდებას სატესტო რეჟიმში ვახორციელებთ. გერმანიასთან და ავსტრიასთან ვთანამშრომლობთ, დუბაისთან კი მოლაპარაკებები გვაქვს. ექსპორტის ზრდა მომდევნო წლებში ჩვენს საწარმოს წარმადობაზეც იქნება დამოკიდებული“, - ამბობს დავით ბუხნიკაშვილი.

Walnuts.ge საქართველოში კაკლის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობა კაკლის ბაღების გაშენებით დაიწყო. ამ დროისთვის გაშენებული აქვს 150 ჰექტარზე მეტი ფართობის ბაღები, სადაც Chandler-ისა და Howard-ის ჯიშის კაკალი მოჰყავს. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლიდან პროექტის ნაწილი ბიოდინამიკური წარმოების მოდელზე გადაჰყავთ, 2022 წლიდან კი საკუთარი სასუქის წარმოებაც დაიწყეს, ბრენდით Ecocompost. ამავე წელს კომპანიამ კაკლის მოსავლის აღების, გადამუშავებისა და ნაჭუჭისგან გარჩევის საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები