მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელი პროცესები არის არა ევროპასთან დაახლოება, არამედ პირიქით, დაშორება - ზვიად სხვიტარიძე

ექსპერტი

ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ ისეთი ინსტიტუტების გაუქმების მიზანი როგორიც ანტიკორუფციული ბიურო ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურია, საქართველოს ევროპასთან დაშორებაა. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას ეს ინსტიტუტები უნდა გაეძლიერებინა და მეტი დამოუკიდებლობა მიენიჭებინა ნაცვლად გაუქმებისა.

„სამწუხაროდ, ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს იქნება ეს კონკრეტულად მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის გაუქმება, ანტიკორუფციული სტრუქტურის გაუქმება თუ ზოგადად მათი დეინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს არა ევროპასთან დაახლოებას, არამედ პირიქით, დაშორებას და ქვეყნის დეევროპეიზაციის პროცესს, ანუ ევროპისგან პრაქტიკულად ჩამოცილებას. რა თქმა უნდა, ამას სამწუხაროდ მოჰყვება უფრო რთული პროცესებიც როგორც DCFTA-ის, ასევე უვიზო მიმოსვლის ნაწილში. სამწუხაროდ, ის ეტაპიც არც ისე შორს არის, როდესაც ეს საკითხები რეალურად დადგება დღის წესრიგში. ის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, სამწუხაროდ, საკმაოდ ლოგიკური და გარდაუვალია იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში უკვე ორი წელია, ან თუნდაც წელიწად-ნახევარია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს: ხელისუფლების აბსოლუტური ცენტრალიზაცია რუსული მოდელისა და „რუსული კალკის“ მიხედვით და მთელი რიგი ინსტიტუტების დეინსტიტუციონალიზაცია.

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს: ჩვენ ვცილდებით იმ გზას, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროპასთან სწრაფი დაახლოების, ინსტიტუტების გაძლიერებისა და მშენებლობის მიმართულებით ვითარდებოდა", - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შემდეგი წლის მარტიდან ასევე უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები