ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებული სანქციები ნეგატიური გზავნილია ინვესტორებისთვის.
მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“, საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას გრძელვადიან განვითარებაში დემოკრატიის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დაზიანება უცხოელ ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესს დაუკარგავს.
„რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარება არის ძალიან ცუდი სიგნალი საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის და ქართველი ბიზნესმენებისთვის. ადამიანების ფინანსური დასანქცირება არის სიგნალი, რომ აშშ, როგორც დასავლური დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კანონი არ კანონობს, სადაც ძალოვანი სტრუქტურები თვითნებობენ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, სადაც დემოკრატია არ მუშაობს. ისედაც ძალიან გვიჭირს უცხოური ინვესტორის შემოყვანა და ამას რომ უყურებს, არანაირი სურვილი აღარ აქვს ასეთ ქვეყანაში შემოსვლის. არც ჩინეთი ვართ უზარმაზარი ბაზრით და არც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები გვაქვს, რომ მივიპყროთ ინვესტორის ყურადღება. რითაც ვაინტერესებთ და ვიზიდავთ ინვესტორებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ჩამოვიდნენ, მათ შორის ვინც რუსეთს გამოექცა, ისაა, რომ დემოკრატიის რაღაც დონე გვქონდა. თუ ამ დემოკრატიას წინ არ წავწევთ და დავანგრევთ, ეს უარყოფთ რეაქციას გამოიწვევს ინვესტორებში და ექნება გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე“,- თქვა გიორგი ქობულიამ.
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.