წელს ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით უკვე დაუბრუნდა 2,2 მლრდ ლარი. ინიციატივა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და რამაც ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს - ამის შესახებ პრემიერმა 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, გაზრდილია ექსპორტიც. 2012 წელთან შედარებით 135%-ით.
„კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა მხოლოდ 140 მლნ ლარი. წელს ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არის წლევანდელი მონაცემი. მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. სხვათა შორის, ეს ინიციატივაც ეკუთვნის პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა, რამაც ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რომ იტყვიან, რეალურად ამოისუნთქა და სახეზე გვაქვს ბუნებრივია შედეგი, რომელზეც ახლა გესაუბრებით.
2022 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით ეს არის 135%-იანი ზრდა. წელს იანვარსა და ნოემბერში საქონლის ექსპორტი 11%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, რაც ისტორიული, რეკორდული მაჩვენებელია და 2012 წელთან შედარებით ეს არის თითქმის 2.5-ჯერ ზრდა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.