დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება - წერს "თბილისი ენერჯი".
კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
"თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.
გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს", - წერია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა დღეს დაიწყება და 11 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება. თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. რისთვისაც "თბილისი ენერჯის" შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.




























