„დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი“ - ასე პასუხობს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი "ტვ პირველის" კითხვას, რომელიც ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად გამოცხადებას შეეხებოდა. ჟურნალისტმა რაჟდენ კუპრაშვილს ჰკითხა, იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ TI, რომელსაც დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვს, წელს არჩევნებს ვეღარ დააკვირდება.
„ის, რომ ამ გადაწყვეტილებას რეპრესიულს ეძახით, ცოტა გასაკვირია. მოვისმინე ქალბატონი ეკა გიგაურის განცხადება, ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა. [TI-ის პოლიტიკურ პარტიად გამოცხადება] არის თქვენი ინტერპრეტაცია. რადგან არ არსებობს არგუმენტი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან არის მიღებული, შესაბამისად, ახლა აირჩიეს გზა, რომელიც იყოს კანონის უზენაესობაზე თავდასხმა, ეს არც ევროპული და არც დასავლური სტანდარტია, კანონის უზენაესობა მთავარი პრინციპია, რომელსაც პატივი უნდა სცეს ყველას“, - განაცხადა კუპრაშვილმა
ჩაკითხვაზე იმის შესახებ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ კრიტიკა ისმის ევროსაბჭოსა და აშშ-ში და მხოლოდ თავს მიიჩნევს მართლად თუ არა, რაჟდენ კუპრაშვილი პასუხობს: „დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც TI-ის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. შედეგად, TI-ზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება.