მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდ კომპანიებს დიზაინის შექმნაში ვეხმარებით" - რას სთავაზობს მომხმარებელს "ფუნდუკი"?

ფუნდუკი

დიზაინერული კომპანია "ფუნდუკი", რომელიც ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა, ეკომეგობრულ ავეჯისა და ტანსაცმლის წარმოებითაა დაკავებული, რაც მდგრადობასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კომპანიის დამფუძნებელი, მარიკა ჭახრაკია BM.GE-სთან ამბობს, რომ "ფუნდუკი" ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, დიზაინერული ტანსაცმლის, ავეჯის წარმოების და კორპორაციული მომსახურების.

მისი ინფორმაციით, კომპანია აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და თანამშრომლობენ გერმანიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების კონცეპტ მაღაზიებთან, ხოლო მათი პროდუქციის ექსპორტის წილი 35%-ია.

„ჩვენი კომპანია დიზაინს ქმნის და ამ დიზაინს თავადვე ვამზადებთ. გვაქვს საწარმო, რომელიც თბილისში მდებარეობს და 10 ადამიანს ვასაქმებთ. ამასთან, დაახლოებით 6-7 ადამიანი გვყავს გარე წარმოებაში დასაქმებული.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციული მიმართულებით. "ფუნდუკი" ეხმარება დიდ კომპანიებს დიზაინის შექმნაში და ამ პროექტების განხორციელებაში. თუმცა, ბოლო პერიოდში ტენდენცია ფიქსირდება, რომ კომპანიები ჩვენთან მოდიან გარკვეული პროდუქტის შექმნის სურვილით. ფასის გაგების შემდეგ კი, იგივე პროდუქციას ჩინეთში უკვეთავენ. ამ დროს, ჩვენთვის, როგორც ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საქართველოში გაკეთდეს. ჩინეთს ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ. პატარა სხვაობის გამო ჩინეთში შეკვეთით და ეკონომიკის ჩინეთზე დაყრდნობით, ჩვენი ეკონომიკა ვერ გაიზრდება“,- აცხადებს ჭახრაკია.

რაც შეეხება ნედლეულს, წარმოებაში თურქეთიდან ან ადგილობრივი ბაზრიდან შეძენილი ნედლეული გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები