მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დიდ სურათში ეს ცუდია ქვეყნისთვის“ - რა სპეციფიკის სტუმარი ჩამოდის საქართველოში აზიური ქვეყნებიდან?

ინდოელი ტურისტი

საქართველოს ტურიზმის აზიურ ბაზარზე დამოკიდებულება იზრდება. როგორც ჩანს, ევროპელი ვიზიტორების სიმცირის ფონზე მთავრობაც გათვლას ისეთ ბაზრებზე აკეთებს, როგორიცაა ჩინეთი, კორეა, ინდოეთი და სხვა აზიური ქვეყნები.

ტურისტული ბიზნესი ამბობს, რომ წელს განსაკუთრებით ქვეყანაში ინდოელი ტურისტების სიმრავლე შეიმჩნევა. ეს ოფიციალურ მაჩვენებლებშიც კარგად ჩანს. ჩინეთიც და ინდოეთიც მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკით, იმ ტოპ 10 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტი მიიღო. მხოლოდ ინდოეთიდან წლის პირველ ნახევარში საქართველოში - 75 893 ვიზიტორი შემოვიდა, 31.4%-ით მეტი, ვიდრე შარშან. ჩინეთიდან განხორციელებული ვიზიტები კი 42,3%-ით 46 755 ათასამდე არის გაზრდილი.

ანი ალიბეგაშვილი, სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებელი, bm.ge-სთან ამბობს, რომ აზიელი ტურისტი განსხვავებული სპეციფიკის სტუმარია, დაბალმხარჯველობით გამოირჩევა და სერვისის ნაწილში საქართველო ამ ტიპის სტუმრის მისაღებად მზად არ იყო.

„მთლიანი სეზონი რომ შევაჯამოთ, ძალიან ბევრი ინდუსი იყო ქვეყანაში შემოსული და ყაზბეგის რეგიონში ძირითადი ვიზიტორები იყვნენ ისინი. მათი სპეციფიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული თანხა, რომელსაც სტუმარი ხარჯავს ოთახის დაჯავშნასთან ერთად და რესტორნის და ბარის მიმართულება არის ძალიან რთულ მდგომარეობაში არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მთლიანად ქვეყანაში, რადგან მათ სპეციფიკური საკვები სჭირდებათ.

სასტუმროს სტუმრები, მხოლოდ ნომერს ჯავშნიან და საუზმის სერვისითაც არ არიან დაინტერესებული და გარე შეკვეთებს აკეთებენ საკვების კუთხით, რომ თავიანთი სპეციფიკური სამზარეულო მოემსახურონ.

დიდ სურათში ეს არის ცუდი ქვეყნისთვის, რადგან ჯგუფური ჯავშნების მიღება ხდება და მათ არ აქვთ ინტერესი ნახონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არ არიან ექსტრემალური ტიპის დამსვენებლები. საქართველოში ყველგან გვაქვს მთები და ეს არის უნიკალური რამ, რისი კარგად გაყიდვაც შეგვიძლია ტურიზმის მიმართულებით, თუმცა არც მეკლდეურობა, არც მთამსვლელობა და არც ექსტრემალური სპორტი არ აინტერესებთ. წლის განმავლობაში 20-30 სტუმარი მინიმუმ იყო დაინტერესებული მყინვარწვერი დაელაშქრა, წელს მხოლოდ 2 იყო ასეთი და ისიც ევროპელი.

უფრო მეტად არიან ასაკოვანი ხალხი ან სტუდენტები, რომლებიც არიან ნაკლებად გადახდისუნარიანები.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა ჰქონდა ქვეყანას ტურიზმის მიმართულებით, სწორი მიმართულებით ხდებოდა ტურიზმის განვითარება, ახლა რაც ხდება ამისთვის და ამ მოთხოვნისთვის არც ქვეყანაა მზად, არც მომსახურე პერსონალი ანუ საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ მოემსახუროს ჯგუფებს, რომელთაც კომუნიკაციაც კი არ უნდათ.

ასევე ღვინის ქვეყანა ვართ და ვპოზიციონირებთ 8 000 წლიანი ისტორიით და ამ ქვეყნის წარმომადგენლებს კულტურა არ აქვთ საერთოდ ღვინის და ალკოჰოლის მიღების, შესაბამისად ეს ძალიან ართულებს ჰორეკა სექტორისთვის სერვისების გაწევას. ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, რა შეიძლება ვქნათ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ეს არის უკვე არსებულ ბაზარზე გადაწყობა და მათთვის სერვისების გაცემა, რომელიც ჯერ ჩვენთვის უნდა გახდეს მისაღები, რადგან რთული შესასრულებელია. თუ უნდა გადაეწყო და შესთავაზო ჩინური ინდური ჰალალ საჭმელი, მაშინ ქართულ სამზარეულოზე უნდა ვთქვათ უარი და ძალიან ბევრი ბიზნესი ამას აკეთებს, რაც ცალსახად სამწუხაროა გრძელვადიან სურათში",-აცხადებს ანი ალიბეგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები