ისტორიის კონკურსში ამ დრომდე, მხოლოდ ქვემო ქართლის მასშტაბით, დაახლოებით 2000-მდე ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.
ბოლნისში ქართულ-გერმანულმა ღვინის სახლმა „დიდგორელის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებაზე გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, მონაწილეებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ისტორიის კონკურსი „დიდგორელი“ სასკოლო ასაკის მოსწავლეების კონკურსია, რომელიც 2019 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დაიწყო და ამ დრომდე 10-მდე სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. პროექტი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას საქართველოს ისტორიით და მათი ცოდნის გაღრმავებას. „დიდგორელის“ შემოდგომის სეზონი მარნეულში გაიმართა და მასში მონაწილეობას 100-ზე მეტი მოსწავლე იღებდა.
„დიდგორელს დასაწყისიდანვე ვგულშემატკივრობთ და სასიხარულოა, რომ უკვე მეხუთე წელია პროექტისადმი მოსწავლეების დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება. როგორც პროექტის გენერალური სპონსორისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება და დაფასება, ამიტომ კომპანია „დიდგორელის“ გამარჯვებულს 6-თვიან სტიპენდიას დაუნიშნავს და თვალს ადევნებს მარიამის განვითარების გზას“ – განაცხადა არემჯის CSR მენეჯერმა, ზურაბ დევდარიანმა.
პროექტი მრავალკომპონენტიანია და მოიცავს როგორც ტესტის დასაწერად მოსამზადებელ ნაწილს, ისე შემეცნებით აქტივობებსაც, როგორებიცაა სტუმრობა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, ლექციებზე დასწრება, მოსწავლეთა კონფერენციების მოწყობა, მინი-ფილმების გადაღება ისტორიულ თემებზე და ა.შ. დასაწყისიდან დღემდე, პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კონკურსში ჩართო 2000-მდე ახალგაზრდა, საქართველოს 244 სკოლიდან.
„ვაფასებთ კომპანია არემჯის ჩართულობას ჩვენი პროექტის განხორციელებაში. მათი, როგორც გენერალური სპონსორის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ საგანმანათლებლო ინიციატივაში.
ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ პროექტის განვითარებას და მიზნად ვისახავთ უფრო გავაძლიეროთ მოსწავლეთა ინტერესი ისტორიის, როგორც საგნის და სოციალური მეცნიერების მიმართ.“ - ლევან ჟვანია, პროექტ „დიდგორელის“ავტორი.
2023 წლის შემოდგომის სეზონის „დიდგორელის“ გამარჯვებული მარნეულის #5 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ მურადასილოვა გახდა. მარიამს კომპანიისგან 6-თვიანი სტიპენდია გადაეცა.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არემჯი მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულია სტუდენტური პროგრამები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის.