მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დიდი ალბათობით ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია, ამიტომ დაწია სებ-მა საპროცენტო განაკვეთი"

5c88f0be99512
ლევან თაღიაშვილი
13.03.19 18:55
1221
PMC კვლევითი მიმართულების დირექტორი გიორგი ხიშტოვანი BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება, 6.5%-მდე შეამციროს საპროცენტო განაკვეთი, სწორია მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, შეემცირებინა საპროცენტო განაკვეთი 6.5%-მდე, არის სწორი. როგორც ჩანს, არსებობს პირველადი მონაცემები იმის თაობაზე, თუ დაკრედიტების რა მდგომარეობაა ბაზარზე, როგორ და რა ფორმით შეიცვალა სესხების გაცემა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი რეგულაციები. როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთის შემცირება არის ნაბიჯი, რომლითაც სებ-ი ცდილობს ქვეყანაში გაააქტიუროს ეკონომიკური საქმიანობა. ის ცდილობს, გააიაფოს სესხი და გაიაფებული სესხით მოხდეს ბიზნესების და კერძო პირების დაინტერესება და ეკონომიკური გააქტიურება", - განაცხადა ხიშტოვანმა.

მისივე განმარტებით, დიდი ალბათობით ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია და ეროვნულმა ბანკმა სწორედ ამიტომ შეამცირა საპროცენტო განაკვეთი.

„ჩემი ვარაუდით, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია. ამაზე მეტყველებს იანვრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. როგორც ჩანს, პირველადი პროგნოზები არის თებერვალთან დაკავშირებითაც და მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები ამ ნაბიჯს", - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 6.5%-მდე დაწია. 

"საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, იანვარში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება და საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკებიც დაბალია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა.

საგარეო მოთხოვნის დადებითი ტენდენციები 2019 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი. ამავე დროს იმპორტის ზრდა მოკრძალებულია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება. წლის პირველი თვეების განმავლობაში შეიმჩნევა საცალო დაკრედიტების გარკვეული შენელება, თუმცა, ამავე დროს, სახეზეა ბიზნესის დაკრედიტების გააქტიურებაც", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები