დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი თანამდებობიდან გადადგა. ოფიციალურ წერილში ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაწყვეტილების მიზეზად მთავრობის მხრიდან წარდგენილი თავდაცვის ბიუჯეტის ის ახალი გეგმა დაასახელა, რომელიც ჰილის მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა.
თავის ტექსტში ჰილმა პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არასაკმარისი რესურსების გამოყოფაში ღიად დაადანაშაულა. ყოფილი მინისტრის განცხადებით, ახალი ბიუჯეტი ვერ ასახავს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დღეს სახელმწიფო დგას. როგორც ირკვევა, მინისტრმა საბიუჯეტო დოკუმენტის საბოლოო ვერსია ორშაბათს მიიღო და მიიჩნია, რომ დაფინანსება რეალურ საჭიროებებს მკვეთრად ჩამორჩებოდა.
რაც შეეხება თავად დოკუმენტს, როგორც ჰილი მიუთითებს, მასში თავდაცვის ბიუჯეტი ისე არის განსაზღვრული, რომ სამხედრო მიმართულების განვითარება ქვეყნის პრიორიტეტად მხოლოდ ათწლეულის მიწურულს იქცევა, ისიც ისე, რომ 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯები მაქსიმუმ მშპ-ს 2.68%-ს მიაღწევს.
პოლიტიკოსი განმარტავს, რომ არსებული ფინანსური მდგომარეობა უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს მაჩვენებელი 2.6%-მდე მომავალ წელსვე გაიზარდოს. ჰილი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთს უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები ახლა აქვს და რომ ეს ტენდენცია მომდევნო ორ წელიწადში ისევ გაგრძელდება, შესაბამისად, ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს.




























