მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი დიღმის შემდეგ 18-მეტრიანი ავტობუსები გლდანის მიმართულებით N308 მარშრუტზეც გავიდნენ - მერია

საზოგადოებრივი ტრანსპორტი
02.03.24 12:14
3630

MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები N308 მარშრუტზეც გავიდნენ. აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, N308 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან გლდანის მიმართულებით შემდეგი სქემით მოძრაობს - თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, კოსტავას ქუჩის, გმირთა მოედნის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირის, ერისთავის ქუჩის, გურამიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის ქუჩის, აკაკი ვასაძის ქუჩის, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით და მოძრაობას ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) დაასრულებს.

"რაც შეეხება უკუმიმართულებით მოძრაობას, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ისტორიულ არეალებში მდებარე ზოგიერთ ქუჩაზე არ არის მიზანშეწონილი ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტების გათვალისწინებითაა საჭირო, ავტობუსი შეიცვლის მარშრუტს და გადაადგილდება მცირედი ცვლილებით.

კერძოდ, ამ შემთხვევაში, ავტობუსი მგზავრთა მომსახურებისთვის გამოიყენებს ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩებს, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედანს, თამარ მეფის გამზირს, წინამძღვრიშვილის ქუჩას, წერეთლის გამზირს, ერისთავის ქუჩას, გურამიშვილის გამზირს, სარაჯიშვილის, ქერჩისა და ვასაძის ქუჩებს, შემდეგ გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიისკენ და ხიზანიშვილის ქუჩაზე (გლდანის VII–VIII მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა) გაჩერდება", - განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის სისტემებით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ასევე, WIFI მოწყობილობას.

აღსანიშნავია, რომ 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ცხრა ერთეული ავტობუსი N302 მარშრუტის მგზავრებს ემსახურება, უახლოეს დღეებში კი დაგეგმილია 18-მეტრიანი ავტობუსების გადანაწილება N301-სა და N314 მარშრუტებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები