მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი მწარმოებლები საქართველოს ისე უყურებენ, როგორც ძვირ ბაზარს და პატარა შემსყიდველს - "როშენის" და "დანონის" იმპორტიორი

ნიკოლოზ ბურდული

„როშენის“, „დანონის“ და სხვა პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ფუდსერვისის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ბურდული აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში დიდი ბრენდული მწარმოებლები საქართველოს როგორც მცირე ბაზარს ისე უყურებენ და ამიტომ პროდუქციის შესასყიდი ფასიც სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. ამის შესახებ მან „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რის გამოც საქართველოში პროდუქტის ღირებულება ევროპაში არსებულ ფასზე მაღალია. ასე უპასუხა ნიკოლოზ ბურდულმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვას იმის შესახებ - საქართველოში მათი შემოტანილი პროდუქცია უფრო ძვირია თუ სხვა ქვეყნებში იგივე პროდუქტი და რა განაპირობებს ამას.

„დანონის“ შემთხვევაში დიდი სხვაობა არ არის. შეიძლება 5%-მდე იყოს, თუმცა არის ბრენდები, რომელთან მიმართებითაც, მაგალითად, თურქეთთან შედარებით საკმაოდ დიდი სხვაობებია - ჩვენთან უფრო ძვირია. ამას განაპირობებს მწარმოებლის ფასები. ხშირ შემთხვევაში დიდი მწარმოებელი ჩვენს ბაზარს უყურებს როგორც ძვირ ბაზარს - პატარა შემსყიდველს და შესასყიდი ფასები უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა „ფუდსერვისის“ წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ბურდულის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში „ფურსერვისის“ მიერ იმპორტირებული პროდუქტის ფასი საშუალოდ მაქსიმუმ 2%-ით გაიზარდა.

„ესეც შესასყიდ ფასზეა დამოკიდებული, რომელსაც მწარმოებელი კომპანია დისტრიბუტორს უდგენს. დისტრიბუტორი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს, მით უმეტეს როცა ეს საერთაშორისო ბრენდებს ეხება საქმე. ყველას თავისი წარმომადგენლობა აქვს საქართველოში, დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში 3%-ს არ სცდება და კარგ შემთხვევაში 5%-ია. ჩვენი კომპანია ამ ფარგლებში ოპერირებს“, - განმარტა ბურდულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები