საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უმეტესად უცხოური კომპანიები ახორციელებენ.
როგორც მინისტრმა დღეს პარლამენტში მიმდინარე სესიაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, უცხოური კომპანიები ძირითადად, მსხვილ პროექტებში მონაწილეობენ.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგფონდზე ან მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებზე, იქ პრაქტიკულად, 100%–ის შემთხვევაში არიან ქართული კომპანიები, უფრო მეტ შემთხვევაში, ადგილობრივი კომპანიები. რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქ გვაქვს ნამდვილად ის ვითარება, როდესაც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამარჯვებული გვყავს უცხოური კომპანიები. თუმცა ჩვენი სტატისტიკით, ჯამში, 238 კონტრაქტორი გვყავდა, მე ვგულისხმობ უშუალოდ სამინისტროს გამგეობაში არსებულ პროექტებს და არა – რეგფონდის პროექტებს და ამ 238 კომპანიიდან, 225 ქართული კონტრაქტორი იყო. ანუ ეს არის დაახლოებით, 95%. შესაბამისად, დიდ პროექტებში მხოლოდ 13 უცხოური კომპანია გვყავდა და ამ 13 კომპანიიდან, სამ ჩინურ კომპანიაზე მოდის ამ პროექტების ღირებულების 60%–ზე მეტი, რაც რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ამ პროექტების სპეციფიკასთან. მე ვგულისხმობ იმ პროექტებს, რომლებიც 2018 წელს იყო გამოცხადებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, მინისტრმა რამდენიმე პროექტის მაგალითზე, უცხოური კომპანიების უპირატესობაზე ისაუბრა.
„რატომ იმარჯვებენ უცხოური კომპანიები? – ასეთ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით, მათივე წესებით, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიისადმი მოთხოვნებს სწორედ ამ რისკების შეფასების ნაწილში, პროექტების ოდენობიდან და სირთულიდან გამომდინარე მოთხოვნილია კონკრეტული მოთხოვნები, მოცულობები, ბრუნვები, ისტორია. ამ მოთხოვნებს ქართული კომპანიები სამწუხაროდ, უმეტესწილად ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა ასევე იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუწყობთ ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ასევე, მათ შორის, ქართულ კომპანიებს.
როდესაც უცხოურ კომპანიებზე ვსაუბრობთ, მათ შორის, საგზაო სექტორში, მოგეხსენებათ, ძირითადი ნაწილი ამ სამშენებლო სამუშაოებისა, მაინც მოითხოვს ნაკლებად კვალიფიციური სამუშაო ძალის გამოყენებას, რომელიც უმეტესწილად არის ადგილობრივი მოსახლეობა. ეს სრულდება“, – განმარტა მინისტრმა.
ასევე, მაია ცქიტიშვილმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ქართული კომპანიების მხარდაჭერას, როდესაც ჩვენ მაგალითად, ქუთაისის შემოვლით გზაზე ვსაუბრობთ, სწორედ იმისთვის, რომ ქართული კომპანიებისთვის მიგვეცა მეტი შანსი და შესაძლებლობა, რომ დიდ პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა, ქუთაისის შემოვლითი გზის დაფინანსება მოხდა ბიუჯეტის სახსრებით და აქედან გამომდინარე, გვქონდა მეტი მოქნილობა და არ ვიყავით ვალდებული, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების შესაბამისად გვემოქმედა. ამდენად, პროექტი, რომელიც დაახლოებით, 50-კილომეტრიანი მარშრუტია, იქნა დაყოფილი ოთხ ლოტად. ოთხივე ლოტზე გამოცხადებულია ტენდერი და მისმა ოთხ ლოტად დაყოფამ, მისცა საშუალება ქართულ კომპანიებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ ზომის ტენდერებში, შესაბამისად, სამ ლოტში გვყავს ქართული კომპანია და ერთ ლოტში – აზერბაიჯანული. ამდენად ქართული კომპანიების ჩართულობა ამ პროექტში მისცემს საშუალებას მათ, დაიგროვონ მეტი გამოცდილება, ისტორია და ეტაპობრივად მიიღონ მონაწილეობა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. ამ წუთებში მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

























