დიდი საწარმოები ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე, სავარაუდოდ, მაისიდან შეიძენენ
დათო ჯალაღონია
04.02.19 22:01
• 1182
მთავრობის 28 იანვრის დადგენილების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 15 თებერვალმდე უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვით, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები თავისუფალ ბაზარზე გავლენ.
ამავე დადგენილების თანახმად, უკვე წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, გამოვლენილი კომპანიები, თავისუფალ ბაზარზე ელექტროენერგიის შესაძენად გავლენ არაუგვიანეს 1 მაისისა.
აღნიშნული ცვლილებები „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები გამოვლინდებიან, ისინი სადისტრიბუციო კომპანიებისგან, ანუ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“, ელექტროენერგიას აღარ შეიძენენ.
ამ რეფორმაში მთავრობასა და პარლამენტთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა ჩართული. სემეკის წევრის გოჩა შონიასთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენ მომხმარებელს მოუწევს რეგულირების არეალის დატოვება, თუმცა აღნიშნავს, რომ დღეს სადისტრიბუციო კომპანიებს პრობლემები ექმნებათ, რადგან მათ ტარიფში მსხვილი მომხმარებლების არსებებობა გათვალისწინებული არ არის.
„მათ ჩვენ ტარიფი როცა დავუდგინეთ, იმ განცდით დავუდგინეთ, რომ ისინი უნდა გასულიყვნენ ბაზარზე და რეალურად, არ გავიდნენ. ამიტომ გამანაწილებელ კომპანიებსაც პრობლემები აქვთ, რადგან ის ტარიფი, რაც დავდეთ, რეალობას არ ასახავს შესყიდვის კომპონენტში. ამიტომ ეს ყველაფერი გასაანალიზებელია, თუ რა რისკებია“, - აღნიშნა მან. რაც შეეხება პირდაპირი მომხმარებლების პრობლემებს, გოჩა შონიას განმარტებით, დღეს ბაზარზე იაფიანი ელექტროენერგია რთულად მოსაძიებელია.
„ამ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დღეს ბაზარზე გავლენ, თავდაპირველად ძალიან რთული იქნება იაფიანი წყაროს მოპოვება, ამიტომ თუ რა გავლენას მოახდენს ეს საბოლოო პროდუქტზე, რომელსაც მომხმარბელები აწარმოებენ, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს ანალიზი და მუშაობა“, - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებად, გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ოთხი კომპანია უკვე დარეგისტრირდა. ისინი თვიურად დაახლოებთ, 15 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული რეფორმა ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის მეთვალყურეობით ხორციელდება.