სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს თხილის ექსპორტი 54%-ითაა შემცირებული. გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან მხოლოდ 83 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. თხილის ექსპორტის მკვეთრი შემცირება დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელებას უკავშირდება. ფერმერები ამბობენ, რომ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად წელს მწარმოებლებს მთავრობასთან ერთად დიდი შრომის გაწევა მოუწევს.
ფერმერი, მარი კოდუა BM.GE-თან აცხადებს, რომ პრობლემასთან მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ჩართულია ამ პროცესში და გამოყოფილია ფინანსები მავნებლებთან საბრძოლველად, საჭიროა, ფერმერები და მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.
"ფერმერებმა უნდა დაიწყონ ბაღების გაახალგაზრდავება და ბაღების მოვლა. წლების განმავლობაში ხალხს მიაჩნდა, რომ თხილის კულტურა იყო კულტურა, რომელიც თავისთვის მოდიოდა და მხოლოდ აგვისტოში შეიძლებოდა მოსავალი აგეღო და სხვა არანაირი დანახარჯები მას არ სჭირდებოდა, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ამ მიდგომით ჩვენ ვერ შევძლებთ დარგის განვითარებას. ძალიან დიდი ფინანსებია ამ კუთხით მისამართი და ფინანსებთან ერთად ცოდნა არის საჭირო, რათა ფერმერმა შეძლოს ამის გაკეთება",-აცხადებს მარი კოდუა.

























