„დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ნატო-ს სამიტზე წარადგინეს. დოკუმენტში წერია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას და საუბარია სხვადასხვა სფეროში უკრაინის მიერ გასატარებელ რეფორმებზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აპირებენ, უკრაინისთვის კონკრეტული, ორმხრივი, გრძელვადიანი ვალდებულებები და შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში შეიმუშაონ.
აღნიშნული დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში, ასევე წვრთნებს უკრაინული ძალებისთვის, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას და დაცვას კიბერშეტევებისგან. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შვიდეული გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას, არმია შექმნას, რომელსაც ქვეყნის დაცვა შეეძლება, რომ ახლა და მომავალში რუსული საფრთხისგან თავი დაიცვას.
დეკლარაციის მიხედვით, უკრაინა ვალდებულია, გააგრძელოს ფართომასშტაბიანი რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოების და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა. ამასთან, უკრაინამ უნდა განაგრძოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა.

























