"უნდა აღვნიშნო, რომ დიდი ხანია, საქართველოს არ ჰყოლია პროფესიონალი ეკონომისტი ეკონომიკის მინისტრად და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალბატონი ნათია არის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი, შესაბამისად, საინტერესო იყო მინისტრის რანგში მისი ხედვების მოსმენა", - ამის შესახებ პროფესორმა მერაბ კაკულიამ ნათია თურნავასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა დღეს მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
"ვთვლი, რომ მინისტრმა ძალიან საგნობრივად და კონკრეტულად მიმოიხილა ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც დაეყრდნობა საქართველოს ეკონომიკური სტრატეგია. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს და იმ რეზერვებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ზრდის ტემპების დასაჩქარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური პოლიტიკის შედეგიანობაზე, რომ ის მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე, ანუ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს ინკლუზიური", - აღნიშნა კაკულიამ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია საჭირო და მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია.
"იმედი მაქვს, იმ ფორმატში, რომელშიც ქალბატონი ნათია აპირებს მუშაობის წარმართვას, შესაძლებელი იქნება, რომ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ბევრმა ადამიანმა იგრძნოს", - განაცხადა მერაბ კაკულიამ.
ეკონომიკის ექსპერტის ოთარ ანგურიძის განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ ისეთი ფორმატის მუშაობით იგეგმება, როგორიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გაიმართა.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი გვხვდება ეკონომისტებს და ექსპერტებს, რადგან აქამდე ეს ხიდი ჩატეხილი იყო წლების განმავლობაში, არ იყო არანაირი კომუნიკაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეკონომიკური განვითარების ერთობლივი დაგეგმარება", - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

























