მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დიდთოვლობის გამო 10 დღეზე მეტია სტუმრების მიღებას ვერ ვახერხებთ”- სასტუმრო ქედაში

63f8bc4779625
ანუკა ჯოხაძე
25.02.23 23:39
1105
2 კვირაზე მეტია დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექია. დიდთოვლობით წარმოქმნილ პრობლემებს სვანეთში, რაჭასა და ზემო აჭარაში ებრძვიან. უხვმა ნალექმა ტურისტული დანიშნულების ობიექტები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო აჭარა გლემფინგის დამფუძნებელი ამბობს, რომ 10 დღეზე მეტია გაუვალი თოვლის გამო სტუმრების მიღებას ვერ ახერხებს. ირაკლი თავართქილაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ტექნიკა არც რაოდენობრივად არის საკმარისი და ვერც გამართულად მუშაობს.

“სამწუხაროდ, დაახლოებით 10 დღეზე მეტია ვერ ვახერხებთ სტუმრების მიღებას, იმიტომ რომ გზები ვერ იწმინდება, ძალიან რთული სიტუაციაა. ფეხითაც კი ძალიან რთულია, რომ განთავსების ობიექტთან სტუმარი მივიყვანოთ. ელექტროენერგია გამართულად მუშაობას, ამ კუთხით პრობლემა არ შეგვქმნია. რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მუნიციპალიტეტს არ ყოფნის ტექნიკის რაოდენობა, რაც აფერხებს სამუშაოებს.

ამას ემატება ისიც, რომ ტექნიკა გაუმართავია, იმ დღესაც იყო ტრაქტორი ამოსული და გაფუჭდა. თითქმის ყოველდღიური ჯავშნები შემოდის და ვერცერთს ვერ ვიღებთ, ამ ეტაპზეც თავს ვიკავებთ ჯავშნებისგან, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, როდის განახლდება სტუმრების მიღება ასეთი ვითარების გამო”, - აცხადებს სასტუმრო "აჭარა გლემფინგის" დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე.

აჭარის გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბაში მეტრ ნახევარს აღწევს. მათი ინფორმაციით, ადგილზე 80-მდე სპეცტექნიკა მუშაობს. მათი თქმით, ეტაპობრივად იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები