დიდუბის რაიონში, კოსმონავტების სანაპიროს N45ბ-ს მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი.
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა და გამწვანებული ზონები მოეწყობა, ასევე განთავსდება საპარკო ინვენტარი.
„პროექტი ასევე ითვალისწინებს 20-მდე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობას, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა“, - განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც მერიაში BMG-ს განუცხადეს, პროექტის ღირებულება ₾332 000-ია.
























